ინსტიტუტი ,,ტალღა”-ს დებულება

             2017 წელი                        

                                                   თავი I. შესავალი

      საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N246 დადგენილების „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასევე 2010 წლის 10 სექტემბრის N279 დადგენილების შესაბამისად სსიპ ინსტიტუტი “ტალღა“ რეორგანიზებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად, უნივერსიტეტთან შეერთების გზით.
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“ (შემდგომში – ინსტიტუტი) შექმნილია:
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 დეკემბრის N 792 დადგენილების შესაბამისად საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ქვედანაყოფთა ბაზაზე სსრ კავშირის კავშირგაბმულობის საშუალებათა მრეწველობის სამინისტრომ შექმნა ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ “ვოლნას“ ფილიალი.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის N298 დადგენილებით შეყვანილია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ორგანიზაციულ დაქვემდებარებაში, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „ტალღა“ და მას სამეცნიერო-მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს მეცნიერებათა აკადემია.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილებით „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ ინსტიტუტმა მიიღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ეწოდა სსიპ ინსტიტუტი „ტალღა“.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის N279 დაგენილებით სსიპ ინსტიტუტი „ტალღა“ რეორგანიზებულ იქნა სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემავალ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად სახელწოდებით:
ქართულად – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტალღა“.
ინგლისურად – INSTITUTE TALGA OF GEORGIAN TECHNIKAL UNIVERSITY.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ,,ტალღა’’. (შემდგომში ინსტიტუტი) არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში უნივერსიტეტი) დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რომლის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით და ამ დებულებით, რომელსაც ინსტიტუტის წარდგინებით განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. ინსტიტუტი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით “უმაღლესი განათლების შესახებ”, შესაბამისი ნორმატიული აქტებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებით და ამ დებულებით. ინსტიტუტი ახორციელებს სამეცნიეროკვლევით საქმიანობას და უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.
3. უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული წესითა და პროპორციით ინსტიტუტს ჰყავს წარმომადგენლები უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში.

მუხლი 2. ინსტიტუტის მიზნები და უფლებები
1. ინსტიტუტს მიზნები და უფლებებია:
ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ნახევარგამტარული სქემების პროექტირება და ურბანული გარემოა რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასება (ინფორმაციის დამუშავების ფუნდამენტური და გამოყენებითი პრობლემები, მათი თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა) .
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში;
ვ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;
ზ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;
თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით და ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
3. ინსტიტუტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა.

თავი II. ინსტიტუტის სტრუქტურა, მართვა და მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში

მუხლი 3. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და ინსტიტუტის სტრუქტურა
1. ინსტიტუტის სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამეცნიერო საბჭო და ინსტიტუტის დირექტორი.
2. ინსტიტუტის სტრუქტურა შედგება ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისაგან (განყოფილება, ლაბორატორია, ჯგუფი), სამეცნიერო ბიბლიოთეკისაგან და ინსტიტუტის საქმიანობისთვის აუცილებელი დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან (დირექტორის აპარატი, კანცელარია, სამეურნეო ნაწილი).
3. სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ინსტიტუტის დებულებითა და საშტატო განრიგით

მუხლი 4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო
1. ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო შექმნილად ითვლება, თუ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლების რაოდენობა არის არანაკლებ 3;
3. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3 მაინც.
4. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
5. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო:
ა) განიხილავს და წყვეტს ინსტიტუტის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;
ბ) განიხილავს და აფასებს სამეცნიერო განყოფილებების მიერ შემუშავებულ სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს და მათ საფუძველზე ადგენს ინსტიტუტის ერთიან სამუშაო სამეცნიერო-კვლევით პროგრამას;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;
დ) ირჩევს ინსტიტუტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში, უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ე) ირჩევს ინსტიტუტის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ვ) ღია კონკურსის საფუძველზე ფარული კენჭისყრით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;
ზ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებულ ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
თ) ითანხმებს ინსტიტუტის დირექტორის მიერ შემუშავებული ინსტიტუტის დებულების ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
ი) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს;
კ) განიხილავს სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
ლ) იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ჟურნალების გამოცემის თაობაზე, უფ-ლებამოსილია შეარჩიოს სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;
მ) უფლებამოსილია ინსტიტუტის საპატიო მეცნიერ-თანამშრომლებად აირჩიოს საქართველოში თუ საზღვარგარეთ მოღვაწე მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერები.
ნ) სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ინსტიტუტის სწავლულ მდივანს, რომელიც აგრეთვე ასრულებს სამეცნიერო საბჭოს მდივნის მოვალეობებს. სწავლული მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს ან/და ინსტიტუტის დირექტორს;
ო) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
6. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა ინსტიტუტის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
7. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად აირჩევა პირი, რომელსაც უკავია ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობა. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება ინსტიტუტის დირექტორის და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლების არჩევა.
8. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
9. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
10. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან და ინსტიტუტის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
11. სამეცნიერო საბჭოს წევრის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
ბ) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
გ) ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დატოვება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 5. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს წევრთა მიერ სიითი შემადგენლობის უმ-რავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები.
2. სამეცნიერო საჭოს თავმჯდომარე აირჩევა ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე:
ა) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
ბ) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;
დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
ა) პირადი სურვილი;
ბ) სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილე¬ბა, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან განთავისუფლება.
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.

მუხლი 6. ინსტიტუტის დირექტორი
1. ინსტიტუტის საქმიანობას ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი.
2. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა მიეკუთვნება ადმინისტრაციულ თანამდებობას.
3. ინტიტუტის დირექტორი:
ა) უნივერსიტეტის რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ბ) უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ინსტიტუტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს დასამატკიცებლად;
დ) საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს ინსტიტუტის ვაკანტურ სამეცნიერო თანამდებობებზე და ადგენს შესაბამისი საკონკურსო კომისიების შემადგენლობებს;
ე) ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან დებს წერილობით შრომით ხელშეკრულებას;
ვ) კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით შტატგარეშე თანამშრომლად იღებს პირს და აფორმებს მასთან შრომით ხელშეკრულებას;
ზ) თავისი უფლებამოსილების ვადით შეარჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) კანდიდატურას;
თ) საქართველოს კანონმდებლობის და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ინსტიტუტის ფინანსური სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
კ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტის ბრძანებას;
მ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია დანიშნოს ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მუხლი 7. ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები
1. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სამეცნიერო სფეროში მუშაობის არანაკლებ 6 წლის მუშაობის სტაჟი და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის წესდებით.
2. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად.
3. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. ერთმა და იმავე პირმა ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.
5. ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შეარჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.
6. ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აქვეყნებს კან-დიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და ინსტიტუტის დებულებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
7. კანდიდატურის შერჩევისას ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
8. დირექტორობის კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. შერჩეულია ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევრისა.
9. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი რაოდენობის ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
10. კანდიდატურის დამტკიცებაზე უნივერსიტეტის აკა¬დემიური საბჭო დასაბუთებული უარის შემთხვევაში ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას.
11. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს ინსტიტუტის დირექტორის ახალი კანდიდატურა. ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს მიერ ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
12. ინსტიტუტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები.
13. მოადგილე დირექტორის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას.
14. ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწეს სამეცნიერო-საორგანიზაციო საქმიანობას-თან დაკავშირებულ საკითხებში წარმოადგენს ინსტიტუტის სწავლული მდივანი. ინს-ტიტუტის სწავლული მდივანი ამზადებს სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განსახილველ მასალას, უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი გეგმებისა და ინსტიტუტში შესრულებული სამუშაოების ანგარიშების დროულად შედგენას და უნივერსიტეტში წარდგენას, ინსტიტუტის კომპეტენციის ფარგლებში კურირებს მაგისტრატურის და დოქტორანტურის საქმიანობას, ხელმძღვანელობს ინსტიტუტის ვებგვერდისათვის მასალების შედგენას და ინტერნეტში განთავსებას.
15. დირექტორის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს შემდეგი შემთხვევები:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარება;
დ) გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
6. დირექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

თავი 3. ინსტიტუტის პერსონალი
მუხლი 8. ინსტიტუტის პერსონალი
1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება სამეცნიერო და დამხმარე პერსონალისგან.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.
3. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეც-ნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.
4. პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო. პოსტდოქტორანტად უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
5. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს/წესებს, შრომის ანაზღაურების ოდენობას, პირობებსა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.
6. დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ და სწავლულმა მდივანმა შეიძლება ინსტიტუტში შეთავსებით დაიკავონ რომელიმე სამეცნიერო თანამდებობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ინსტიტუტის დამხმარე პერსონალს მათთან დადებული წერილობითი შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვადით სამსახურში იღებს დირექტორი.
8. ინსტიტუტის სამეცნიერო ქვედანაყოფებში მომსახურე დამხმარე პერსონალი პერიოდულად გადის ატესტაციას, რომლის ჩატარების წესს, კრიტერიუმებს და ვადებს ადგენს სამეცნიერო საბჭო. საატესტაციო კომისიას ნიშნავს დირექტორი.
9. ინსტიტუტის სამეცნიერო და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება ინსტიტუტის საშტატო განრიგით.
მუხლი 9. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობა და საქმიანობა
1. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი ინსტიტუტის დებულების შესაბამისად. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
3. ინსტიტუტის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ნიშნავს ინსტიტუტის დირექტორი.

მუხლი 10. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესები
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
6. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის აკა¬დემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
7. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მუხლი 11. სამეცნიერო და დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობები
1. სამეცნიერო და დამხმარე პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.
2. სამეცნიერო და დამხმარე პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 12. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები
1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ინსტიტუტის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. მეცნიერს უფლება აქვს:
ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;
ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;
გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;
დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;
ე) განახორციელოს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. მეცნიერი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
4. უნივერსიტეტი და ინსტიტუტი უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.
5. მეცნიერის შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება.
6. მეცნიერის შრომისა და სხვა სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, შრომითი ხელშეკრულება, ინსტიტუტის დებულება.
თავი 4. სხვა დებულებები
მუხლი 13. ინსტიტუტის ქონება, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი
1. ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, დაფინანსება და სახელმწიფო კონტროლი რეგულირდება და ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.
2. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი 5. გარდამავალი დებულებები

მუხლი 14. სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია
1. ინსტიტუტში ტარდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია, რომელიც უნდა დასრულდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონის ამოქმედების წლის მომდევნო საფინანსო წლის ბოლომდე.
2. სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგები იწვევს იმ სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლის შრომითი ხელშეკრულების ვადა არ გასულა.

მუხლი 15. ინსტიტუტის არჩევით თანამდებობებზე არჩეული პირების უფლებამოსილების შესახებ
1. ამ დებულების ძალაში შესვლა არ იწვევს ინსტიტუტის არჩევით თანამდებობებზე არჩეული პირების უფლებამოსილების შეწყვეტას, ისინი აგრძელებენ ფუნქციონირებას თავიანთი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აგრძელებს საქმიანობას თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.
3. ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი ამ დებულების ძალაში შესვლის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გაივლის ატესტაციას. იმ შემთხვევაში, როცა ამ დებულების ძალაში შესვლის მომენტში მათი უფლებამოსილების ვადა არის ამოწურული, მაშინ შესაბამისი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს.
4. თუ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი არ არის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ამ დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ავტომატურად ხდება საბჭოს წევრი.

პროექტები

 

თბილისის ურბანულ გარემოში ადამიანის ჯანმრთელობაზე რადონის ზემოქმედებით განპირობებული რისკების  შეფასება  და მინიმიზება

პ როექტის იდეა  და სამოქმედო პროგრამა დაფუძნებულია  საერთაშორისო დონეზე აპრობირებულ კვლევის შედეგებსა და რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ,   gaero-ს ატომური რადიაციის ზემოქმედების შემსწავლელი სამეცნიერო კომიტეტის (UNSCEAR), gaero-ს ეკონომიკური კომისიის ევროპის განყოფილების (UNECE), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის (WHO/IARC), ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ( US/EPA) დადგენილებებსა და სახელმძღვანელო მითითებებზე [1 – 6].

აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ჩატარებული მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად დადგენილი იქნა, რომ ადამიანის ორგანიზმში ინჰალაციის გზით მოხვედრილი ბუნებრივი წარმოშობის რადიოაქტიური აირი – რადონი (219, 220, 222Rn86 ) და მისი დაშლის პროდუქტები (მაგ. 210, 214, 218Po84,  210, 211, 212Pb82) იწვწვენ ბრონქებისა და ფილტვის ეპითელიუმის ციტოგენეტიკურ დაზიანებებს, მრავალპოზიციურ ქრომოსომულ რღვევებს და შედეგად იზრდება – პიროვნების ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი. ასევე  დადგენილი იქნა, რომ პიროვნების ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი იზრდება შენობებში რადონის კონცენტრაციის ზრდის კვალდაკვალ. კერძოდ, შენობებში რადონის (150–200) ბკ/მ3-ის ტოლი კონცენტრაციის პირობებში, პიროვნების ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი იზრდება -20%, ხოლო 800 ბკ/მ3 -ზე მეტის  პირობებში – 100 %-ით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მე-20-ე საუკუნის ბოლო წლებიდან დღემდე – ადამიანის ჯანმრთელობაზე   რადონის ზემოქმედებით განპირობებული რისკების  შეფასებისა და  მინიმიზების საკითხს – საერთაშორისო ორგანიზაციების დადგენილებებიდან [1 – 6] გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად სახელმწიფოებში.

              აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბუნებრივ გარემოში  არსებული რეალიებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული პრობლემის აქტუალობა და მისი როგორც სამეცნიერო, ასევე სოციალური ასპექტების გადაჭრის აუცილებლობა დასაბუთებულია  (UNECE)-ის „ Environmental Performance Review of Georgia” 2003 და 2010 წლების ანგარიშებში. ანგარიშების მე-14-ე თავში „ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო“ ხაზგასმულია, რომ: „საქართველო წარმოადგენს ქვეყანას რადონის გამოსხივების პოტენციურად მაღალი დონეებით, რადგან მისი გეოლოგიური ფორმაციები ხასიათდებიან ურანის მაღალი შემცველობით, ხოლო მრავალი შენობა აგებულია ადგილობრივი წარმოების მასალებით, . . . , საქართველოს პირობებში შენობებში რადონით დასხივება პოტენციურად სერიოზული პრობლემაა და , მიუხედავად იმისა, რომ როგორც „გარემოს სანიტარული მდგომარეობის ეროვნული სამოქმედო გეგმა“, ასევე „ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკა“ ითვალისწინებს დაკვირვებებს რადონით დასხივებაზე და პრიორიტეტი ენიჭება შენობებში რადონის მონიტორინგს, ამგვარი მონიტორინგი საქართველოში  ჯერ არ ჩატარებულა. . . , ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული დაკვირვების შედეგები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის მოპოვებას შენობებში რადონის კონცენტრაციების შესახებქვეყნის სხვადასვა რეგიონში, გამოყენებული უნდა იქნას საზოგადოების ჯანმრთელობაზე რადონის მავნე ზემოქმედების მინიმიზების სტრატეგიის შესამუშავებლად“.

 

              ლიტერატურა:

1.       Sources and Effects of Lonizing Radiation, UNSCEAR, 2000

2.       Environmental Performance Review of Georgia-2003 , UNECE

3.       Environmental Performance Review of Georgia-20103 , UNECE

4.       Man MadeMineral Fibers and Radon. WHO/IARC, 1988

5.       Radiation Protection Against Radon in Workplaces other then Mines, IAEA, 2003

6.       Assessment of Riosks From Radon in Homes, US/EPA, 3003

                                           პროექტის ხელმძღვანელი  :   აკად.დოქტორი  ს.ფაღავა

 

 

 

 

 

ახალი თაობის დოზიმეტრების დამუშავება გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის მიზნით

პროექტის იდეა და სამოქმედო პროგრამა ითვალისწინებს გარეგანი კვების წყაროს გარეშე მოქმედი და ინფორმაციის რადიოარხით გადამცემი ნახევარგამტარულ I2L ლოგიკურ ელემენტების ბაზაზე შექმნილ მიკროსენსორებზე დაფუძნებული ნოვაციურ დოზიმეტრული სისტემის შექმნას.

სისტემა გარდა მაღალი მეტროლოგიური მახასიათებლებისა ხასიათდება მაღალი საიმედოობით და სტაბილურობით, მცირე გაბარიტებით, მასითა და ღირებულებით. მოსალოდნელია, რომ ასეთი დოზიმეტრული სისტემის მასიური წარმოება, მოთხოვნა და გასაღება უზრუნველყოფილი იქნება ფართო სამომხმარებლო ბაზრით.

აღსანიშნავია, რომ ეს თემატიკა მოწონებულ იქნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ. საქართველოს კვლევითი ორგანიზაციებიდან წარდგენილი 100-ზე მეტი წინადადებებიდა ნგაიმარჯვა 12 თემატიკამ და ერთერთია ეს თემატიკა. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის დეტალური დამუშავება და დაგეგმილია მისი შეთანხმება GITA-სთან.

 

 

 

სტუ-ს  ადმინისტრაციულ  და  სასწავლო  კორპუსებში  არსებული რადიოეკოლოგიური მდგომარეობის  შესწავლა -შეფასება.

აღსანიშნავია, რომ  აღნიშნულ  პროგრამის  ფარგლებში  პრიორიტეტი  მიენიჭება  შენობებში ბუნებრივი  წარმოშობის  რადიოაქტიური  აირის  რადონის(222, 220, 219 Rn 86   ) მონიტორინგს, უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების ჯანმრთელობაზე რადონით დასხივებით განპირობებული რისკების როგორც შეფასების, ასევე მათი მინიმიზებისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას.

 

        პროექტის ხელმძღვანელი  აკად.დოქტორი   ზ. ჭახნაკია

 

 

                     

 

 

                                             

 

                                          წყლის მოტივტივე ტურბინის ახალი მოდელი

 

პროექტის მიზანს წარმოადგენს ეკოლოგიურად უსაფრთხო განახლებადი ენერგიის წყაროს, კერძოდ კი წყლის მოტივტივე ტურბინის ახალი იაფი მოდელის დანერგვა. რომლის საშუალებითაც გამოყენებული იქნება მთიანი რეგიონების ჰიდრორესურსები აბსოლუტურად სუფთა ტექნოლოგიით.

ხალი წყლის მოტივტივე ტურბინა შეიცავს ერთმანეთთან მიმდევრობით დაკავშირებულ ჰიდროტურბინებს, გენერატორს და ჰიდროტურბინების რიგიდან გენერატორზე გადამცემ მექანიზმს. ჰიდროტურბინების ლილვები ტივტივაა და ერთმანეთთან დაკავშირებულია სახსრულად, ამასთან თითოეული ჰიდროტურბინის ფრთა შესრულებულია კონუსური სპირალური ხრახნის ერთი ხვიის სახით.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული წყლის მოტივტივე ტურბინა წარმოადგენს სიახლეს (გამოგონება დაპატენტებულია). ტურბინა განსხვავდება სხვა მოტივტივე ტურბინებისაგან იმით, რომ იგი განთავსებულია მდინარის დინების მიმართულების გასწვრივ და მისი სიგრძე, შესაბამისად სიმძლავრე, შეზღუდული არ არის მდინარის კალაპოტის სიგანით.

ამ კონსტრუქციის მიხედვით მოტივტივე ტურბინა მთლიანობაში წარმოადგენს მდინარის დინების მიმართულებით განთავსებულ მოტივტივე ელემენტებისაგან შემდგარ გრძელ ჯაჭვს, რომლის ერთი ბოლო დამაგრებულია ნაპირზე და ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, ხოლო მეორე ბოლო თავისუფლად ბრუნავს წყალში.

 

 

პროექტის ხელმძღვანელი    მ. ჭირაქაძე

 

 

ელექტრონული სპინური რელაქსაცია ანიზოტროპულ მასალებში

ნულოვან და დაბალსიხშირულ ველებში

ძლიერად ანიზოტროპული ახალი პარამაგნიტული  მასალებისთვის  გამოთვლილია ელექტრონული სპინური რელაქსაციის სიჩქარეები (Ta)-1, (Tb)-1, (Tc)-1,  რომლებიც დეტექტირებადია კალორიმეტრული გორტერისეული ექსპერიმენტალური მეთოდით ნულოვან მუდმივ მაგნიტურ ველში, როდესაც გარეშე დაბალსიხშირული ველი თანმიმდევრულად მოდებულია კრისტალური a, b, c ღერძების  გასწვრივ.

აგრეთვე  გამოთვლილია  ეპრ ხაზის სიგანე ნულოვან და სუსტ მუდმივ ველებში ანიზოტროპულ მასალებში. ნაჩვენებია, რომ (Ta)-1, (Tb)-1, (Tc)-1 სიჩქარეები ეპრ ხაზის სიგანესთან გარკვეულ, ექსპერიმენტალურად დადასტურებულ თანაფარდობაში არიან.

განხორციელებულია ნულოვან მუდმივ ველში გორტერისეული და ეპრ ექსპერიმენტების მაკროსკოპული აღწერა, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება რელაქსაციის სიჩქარეების ანალიტიკური და ექსპერიმენტალური მნიშვნელობების შედარება. ამგვარი შედარებებით შესაძლებელია  ანიზოტროპული სპინ-სპინური ურთიერთქმედებების (კერძოდ, ძიალოშინსკი-მორიას და სპინების კრისტალურ ველთან) კონსტანტებზე ინფორმაციის მიღება.

 

 

 პროექტის  ხელმძღვანელი  აკად.დოქტორი    ნ.ფოკინა

 

 

მზის ენერგიაზე მომუშავე  კონვექციური გენერატორი

 

დანადგარის შექმნის საფუძველი გახდა ბუნებაში მიმდინარე პროცესი, მზით გამთბარ ნიადაგთან ახლის მყოფი ჰაერი თბება, მიისწრაფის მაღლა და ადგილს უთმობს შედარებით გრილ ჰაერის მასებს.

მზის შუქით განათებულ მუქი ფერის საღებავით დამუშავებულ  მაღალ, ვერტიკალურ მილში წარმოიქმნება დაწნევის ძალა, რომლის სიდიდე დამოკიდებული იქნება  მილის სიმაღლეზე და გამთბარი ჰაერის ტემპერატურაზე.

მილში ტურბინიანი  გენერატორის მოთავსებით წარმოქმნილი კონვექციური  ნაკადებიდან  შესაძლებელია მიღებული იქნას გარკვეული რაოდენობის ენერგია.

მილის გეომეტრიიდან და ჰაერის ტემპერატურიდან  გამომდინარე შეიძლება შეიქმნას განსხვავებული სიმძლავრის  დანადგარები და მათ მიერ გამომუშავებული ენერგია  გამოყენებულ იქნას  ძნელად მისადგომ ადგილებში.

 

 

პროექტის  ხელმძღვანელი  აკად.დოქტორი   კ.გორგაძე

 

 

 

  თანამშრობლების  რაოდენობა:   16 თანამშრომელი

 

განყოფილებები:    1. სამეცნიერო- ტექნიკური განყოფილება.

2. კვლევითი ლაბორატორია.

 

 5 წლის მიზნები:

 

 

 პარამაგნიტურ მდგომარეობაში მყოფ ძლიერად ანიზოტროპული ახალი მასალების ელექტრონული მაგნიტური რელაქსაციის გამოკვლევა ნულოვანი და სუსტი გარეშე მუდმივი ველის პირობებში      

გამოკვლევის ობიექტები:

1) ახალი ძლიერად ანიზოტროპული  შენაერთები – მონოკრისტალები

La1-xSrxMnO3 (x არის Sr-ს დოპირების დონე) და  KCuF3; ამ შენაერთებს ახასიათებს ძლიერი გაცვლითი ურთიერთქმედება, რომელიც ავიწროვებს ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) ხაზს.

2) სპინ-ტრიპლეტურ ნაზი სტრუქტურის შენაერთები.

1) KCuF3 მონოკრისტალს აქვს ქვაზი ერთგანზომილებიანი (quasi-1D) მაგნიტური თვისებები. Cu2+ მაგნიტური იონების შორის მოქმედებს ძიალოშინსკი–მორიას ურთიერთქმედება. ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრხაზის სიგანე სუსტ მაგნიტურ ველებში იქნება გამოთვლილი კუბო–ტომიტას მეთოდით ძლიერი გაცვლითი ურთიერთქმედების დროს. KCuF3 მონოკრისტალში ახლო წესრიგის კორელაციები მოქმედებენ ოთახის და უფრო მაღალ ტემპერატურებამდე. ამიტომ ამ კორელაციების მხედველობაში მიღება იქნება აუცილებელი ეპრ ხაზის სიგანის გამოთვლის დროს. ხაზის სიგანე, ერთის მხვრივ, და, მეორეს მხვრივ, რელაქსაციის სიჩქარეები, რომლის გაზომვა შესაძლებელია გორტერის ტიპის ექსპერიმენტებში ნულოვან მაგნიტურ ველში, იქნება წარმოდგენილი,  როგორც ანიზოტროპული ურთიერთმედებების პარამეტრებისა და მუდმივი მაგნიტური ველის შემობრუნების კუთხეების ფუნქციები.

მანგანუმის მაგნიტური იონები La1-xSrxMnO3 შენაერთებში დაკავშირებული არიან სხვადასხვა ანიზოტროპული ურთიერთქმედებებით ერთმანეთთან, კრისტალურ ელექტრულ ველთან და მესერთან. ამ ურთიერთქმედებებს, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენენ გამოყენებით მონაცემებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ეპრ და გორტერის ტიპის ექსპერიმენტების დროს ნულოვან და სუსტ გარეშე მაგნიტურ ველებში.

იქნება გამოთვლილი ეპრ–ის ხაზის სიგანე La1-xSrxMnO3 შენაერთებში სუსტ მაგნიტურ ველებშირომელიც არის განპირობებული ანიზოტროპული ურთიერთქმედებების რეზერვუარის ერთფონონიანი სპინ–მესერული რელაქსაციით. ამ რეზერვუარში შედის როგორც ძიალოშინსკი–მორიას ურთიერთქმედება, ასევე კრისტალურ ველთან  ურთიერთქმედება.

ძლიერად ანიზოტროპულ მასალებში პარამაგნიტურ მდგომარეობაში, ნულოვან და სუსტ გარე ველების პირობებში მოხდება მაკროსკოპული დინამიკის შესწავლა – იქნება გამოყვანილი მაკროსკოპული განტოლებები დამაგნიტების კომპონენტებისთვის.

2) მრავალ პარამაგნიტურ ნივთიერებას აქვს ორი ან მეტი დაუწყვილებელი ელექტრონი. ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპინ-ტრიპლეტური (S=1) ნივთიერებები. ამ ნივთიერებების ნულოვან ველში ეპრ-ის განრჩევადი ნაზი სტრუქტურა (ნულოვან ველში გახლეჩა (ნვგ)) აღიწერება ნვგ პარამეტრებით.  ნვგ პარამეტრების პოვნა შესაძლებელია ნულოვანი ველის ეპრ-ის საშუალებით.

შესაძლებელია ამ მეთოდის შევსება, თუ, როგორც ინსტრუმენტს, გამოვიყენებთ ნულოვანი ველის ეპრ-ის ანიზოტროპული ხაზების სიგანეების კუთხურ დამოკიდებულებას. აღსანიშნავია, რომ ბირთვებს I=1 სპინით,  ისეთებს, როგორიცაა 14N, რომლებიც განიცდიან ელექტრულ კვადრუპოლურ ურთიერთქმედებას, აღიწერებიან კვადრუპოლური ჰამილტონიანით, რომელსაც ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც აქვს ელექტრონული ნაზი სტრუქტურის ჰამილტონიანს S=1-სათვის. გამომდინარე აქედან, ნულოვანი ველის ეპრ–ის ნაზი სტრუქტურის შესწავლის ზოგი შედეგი შეიძლება სასარგებლო იყოს აგრეთვე 14N ბირთვების სუფთა ბირთვული კვადრუპოლური რეზონანსისათვის (ბქრ). ასეთ კვლევებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პრაქტიკული გამოყენება, რადგან  14N ბირთვები იმყოფებიან ასაფეთქებელ ნივთიერებებში და ნარკოტიკებში. ამ ბირთვების ბქრ გამოიყენება შესაბამისი დეტექტორების შემუშავებისათვის. მაშასადამე, სპინ-ტრიპლეტური ნაზი სტრუქტურის მქონე შენაერთებში ანიზოტროპული რელაქსაციის გამოკვლევა წარმოადგენს ინტერესს.

გამითვლება ანიზოტროპული რელაქსაციის დროები ეპრ სპინ-ტრიპლეტური ნაზი სტრუქტურის  ცალკეული ხაზებისათვის. მიღებულ იქნება ანიზოტროპული რელაქსაციის დროების მქონე ეპრ სპინ-ტრიპლეტური ნაზი სტრუქტურის  მაკროსკოპული განტოლებები.

 

 

                                 პროექტის  ხელმძღვანელი  აკად.დოქტორი    ნ.ფოკინა

 

 

 

 

                                          ჰაერის სითბომცვლელის ახალი მოდელი

 

ჰაერის სითბომცვლელების  გამოყენება  განსაკუთრებით   აქტუალური  გახდა  კლიმატის  ცვლილების  შედეგების  შესარბილებლად  ენერგოეფექტური  ტექნოლოგიების,  კერძოდ   შენობების  გათბობის  და  ვენტილაციის  ხარჯების  ოპტიმიზაციის  მიზნით  ევროსტანდარტების  შემოღების .

შემოთავაზებული მოდელი წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის პარალელური ფირფიტების ერთობლიობას, რომლებიც უძრავად არიან ერთმანეთთან დამაგრებული და ქმნიან ერთმანეთისგან გამიჯნულ არხს. მათში იძულებით მოძრაობს ჰაერის ნაკადი, ისე რომ ერთმანეთს არ ერევა. მოცემული კონსტრუქციული გადაწყვეტის გამო ცივი და თბილი ჰაერის ნაკადების გავლის დროს მათი შემხები ფართი მნიშვენევლოვნად გაზრდილია, შესაბამისად სითბოს გადაცემის საშუალება გაცილებით მეტია. ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა ექსპერიმენტი სხვადასხვა რეჯიმში. ლაბორატორიული ექსპერიმენტით მიღებული იქნა ეფექტი, სადაც მარგი ქმედების კოეფიციენტი 86-88 პროცენტს აღწევს. სავარაუდოდ, ლაბორატორულ პირობებში მისი გაზრდა შესაძლებელია 95 პროცენტამდე და მეტადაც.

                           

                                              პროექტის ხელმძღვანელი    მ. ჭირაქაძე

 

 

                                სოფლის მეურნეობის მიზნებისთვსის  ეფექტური და

                                            ხარისხიანი ნაკეთობების წარმოება

 

პროექტის მიზანია მოსახლეობას მივაწოდოთ იაფი საშრობის დამზადების ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც თავად შესძლებს გააკეთოს ისეთი მდგომარეობა სწრაფცვეთადი მაგრამ იაფი კონსტრუქციის ვარიანტები.

საშრობი შედგება ორი ძირითადი კვანძისაგან:

  1. საშრობი კამერა.
  2. ჰაერის ნაკადის წარმომქმნელი (ვენტილიატორი).

საშრობი კამერა შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, ზომის და კონსტრუქციის. იგი ძირითადა წარმოადგენს მოცულობას, რომელსაც აქვს გარსი და მასში მოძრაობს ჰაერის ნაკადი.

              ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ გამახურებელი სპირალი 1000  ვატის სიმძლავრის იყო, ხოლო ვენტილიატორი 100 ვატის.

ერთიდაიგივე პირობებში, ერთიდაიგივე რაოდენობის წყლის აორთქლებას გამახურებლის გარეშე ორნახევარჯერ მეტი დრო  დაჭირდა ვიდრე გამახურებლით. აქედან გამომდინარე,ერთ შემთხვევაში ელექტროენერგიის ხარჯი იყო 1100 ვ. სთ-ში, ხოლო მეორე შემთხვევაში 250 ვ.სთ, ანუ 4,4 ჯერ უფრო ნაკლები. რაც შეეხება ხარისხს, დაბალ ტემპერატურაზე უფრო მიზანშეწონილია პროდუქტის გამოშრობა.

 

 

                                                    პროექტის ხელმძღვანელი    მ. ჭირაქაძე